ვინ ჩამოდის ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან .

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, ხოლო აშშ-დან – USAID-ის წარმომადგენელი.

“საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობის გაღრმავებისათვის”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ და დასძინა, რომ ინაუგურაციაზე ჩამოსული სტუმრები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები