„ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტებს ტარიფები გაეზრდებათ
„ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ. ორივე კომპანიას თავიანთი ტარიფები ექნებათ, როგორც აქამდე, თუმცა უკვე ნამატი ფასით. კერძოდ, კომპანია „სილქნეტის“ ცნობით, რომელმაც „ჯეოსელი“გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

„1-ელი მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - აღნიშნულია „სილქნეტის“ განცხადებაში.

კერძოდ, 1-ელი მარტიდან „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; „ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან - 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა.

რაც შეეხება „მაგთის“, კომპანიის ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება.

აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები