ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ინიციატივის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულება არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება სამხედრო დანიშნულებისთვის, მაგრამ გარდა ავტობუსების, მსუბუქი მანქანებისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები