მასწავლებლების შესაფასებლად დაწესებული კრედიტქულები გაუქმდება და მათი სერტიფიცირების ახალი მოდელი შემოვა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა .

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოდელი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

ამასთან, მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტქულები და პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. უწყების ინფორმაციით, გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები. ასევე, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2019-2020 წლებში მასწავლებლებისთვის გაუქმდება თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულება. ამასთან, მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოღებული იქნება სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა. რეფორმის ფარგლებში მასწავლებლები შეფასდებიან კომპლექსურად - საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა და გამოცდის გზით.

გარდა ამისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში სასწავლო წელს 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. ასევე, 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები