ექიმი - ახალწვეულის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავზე აქვს ტრავმა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა
კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრიდან შეყვანილ პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნება."პაციენტი შემოყვანილია 14:10 საათზე, ჩავიბარე დღის ექიმისგან. იყო გულყრის შემდგომი პერიოდი. კონსულტირებული იქნა ნევროლოგის მიერ, მწვავე პათოლოგია და დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ ენის ბარიერის გამო ვაჩვენე დედას, დედამ კი განგვიცხადა, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა. დავიწყეთ კვლევები. ამ ეტაპისთვის პაციენტს მწვავე დაზიანებები არ აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტური და ადეკვატურია, ორიენტირებულია დროსა და სივრცეში. როგორც თავად ამბობს, თავზე აქვს ტრავმა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა. ვიზუალურად დათვალიერდა. კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პათოლოგიური დაზიანება გამოირიცხა. როგორც თვითონ აღნიშნავს, პერიოდულად, როცა ნერვიულობს ემართება ასეთი გულყრა. არანაირი დაზიანება, სისხლჩაქცევა არ ვლინდება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადით გააგრძელებს მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი მიმღები განყოფილების მორიგე ექიმმა თამარ იაკობიძემ.

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ახალწვეული კი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალწვეულებს შორის ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანა ახალწვეულის ემოციურ ფონზე გახდა საჭირო.

„კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთი ახალწვეული ემოციურ ფონზე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება“, - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print