პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა,
შეიწყალოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს გვარამიას მსჯავრი დაუმძიმა,
პატიმრობის ვადად კი 3 წელი და 6 თვე დაუტოვა.
3 ნოემბერს ქუჩაში, ავტომობილისკენ მიმავალ პრეზიდენტ ზურაბიშვილს
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა
გვარამიას შეწყალებას.
„დილა მშვიდობის. როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი
დუმს“, – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა
გვარამია პატიმრობაში დატოვა.
გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ
ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე
მერაბ ჯორბენაძემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს
ნიკა გვარამია.
პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლადდაპატიმრებული იყო, –
განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა
თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.
2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება
პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.