სააკაშვილის ადვოკატს სალომე ზურაბიშვილთან სურს შეხვედრა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ამ კვირაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

ხაჭაპურიძემ დღეს სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა.

„[ტოქსიკოლოგიური] დასკვნა რომ მოგვივა, მივმმართავთ სალომე ზურაბიშვილს. ეს წესით, იქნება ამ კვირაში. მოვითხოვ შეხვედრას, როგორც სააკაშვილის ადვოკატი, სადაც მას გავაცნობ და გადავცემ ამ საექსპერტო დასკვნას და შემდგომ იქნება საუბარი მის პატიმრობასთან დაკავშრებით,“
– თქვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სააკაშვილს არ უთქვამს, რომ პრეზიდენტის მისი შეწყალება სთხოვონ – „მითხრა, შეხვდი, დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორია”.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი “სხვათა შორის, თვითონაც დარწმუნებულია, რომ ის არის მოწამლული”.

19 ნოემბერს გელბახიანმა უკვე დადასტურებულად თქვა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოწამლულია. ადვოკატი “უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაზე” საუბრობდა.

სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე დედამისმა, გიული ალასანიამაც ილაპარაკა გასული კვირის ბოლოს. 19 ნოემბრის საღამოს “მთავარ არხთან” საუბრისას მან დასძინა, რომ ექსპერტების დასკვნაში ნახსენები იყო ნივთიერებები, თუმცა არ იყო საუბარი დეტალებზე.

სააკაშვილის ადვოკატის საპასუხო განცხადებაში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მოწამვლის შესახებ ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა უწყებისთვის არავის მიუწოდებია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები