Reuters - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს, - ამის შესახებ Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას.

„პარლამენტის წინ, კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა. რამდენიმე ათასმა მომიტინგემ მთავრობის შენობასთან გადაინაცვლა, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, ისინი კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შეხვედრას მოითხოვდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ავტორიტარიზმსა და რუსეთთან გადაჭარბებულ სიახლოვეში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ კანონპროექტი აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელთა მიერ დაწესებული „ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

„საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს პრემიერ-მინისტრის კომენტარს, რომლის თქმითაც, დასავლელ პოლიტიკოსებს კანონპროექტის წინააღმდეგ არც ერთი მართებული არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და მათი განცხადებები მთავრობას აზრს ვერ შეაცვლევინებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის როლი უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს, განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტო-ს დაადებს. მაგრამ მისი ვეტოს დაძლევა შეუძლია“, - აღნიშნულია სტატიაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები