ჯანდაცვის სამინისტრო: მოხდა აქციაზე დაშავებული 8 პირის ჰოსპიტალიზაცია
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1-2 მაისის აქციაზე დაშავებული 8 პირის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე – ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

ჯანდაცვის უწყებისვე ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა.

1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვია გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჭიშკარზე ევროკავშირის დროშა ჩამოკიდა. მას წიწაკის სპრეი შეასხეს. მალევე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.

მათ შორის, სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. მას ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 დემონსტრანტი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.

Mənbə: Publika

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები