ბუდუ ზივზივაძე მხარს უჭერს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს
ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. ის წუხილს გამოთქვამს, რომ ფეხბურთზე ფიქრისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების ნაცვლად უწევს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დააფიქსიროს საჯარო პოზიცია, თუმცა ამბობს, რომ როგორც მოქალაქე, გრძნობს პასუხისმგებლობას.

“ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და
ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო:

არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო!”,
– წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 1-ელ მაისს პარლამენტმა კანონი უკვე მეორე მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები უწყვეტ აქციებს მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. შეკრების ძირითადი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა, პერიოდულად იმართება მსვლელობები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რამდენჯერმე გადაკეტეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები