მთავრობას 20 ივნისის დარბევისას დაზარალებულებისთვის 160 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ არაეფექტურად გამოიძია 2019 წლის 20 ივნისის დარბევის საქმე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც საქართველოს 26 მოქალაქის 4 საქმეს აერთიანებს. განმცხადებლები არიან აქციის მონაწილეები ან ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს.

ეყრდნობოდნენ რა კონვენციის მე-3 მუხლს (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ მათი დაზიანებები
ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და გამოძიება ამ საკითხზე არ იყო ეფექტური. განმცხადებლები ასევე ეყრდნობიან კონვენციის მე-10 მუხლებს (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (ეფექტური დაცვის უფლება) მუხლებს.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას — არაეფექტურ სისხლის სამართლის გამოძიებას. სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების არსებით ასპექტთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს კომპენსაცია განმცხადებლებს, კერძოდ:

  • მაკო გომურს, დავით ქურდოვანიძეს, გიორგი სულაშვილს და ლექსო ჩანქსელიანს — თითოეულს 15 000 ევრო;
  • მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვს, ზაზა სვანაძეს, თამარ ბაღაშვილს, გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, თორნიკე კოშკაძეს, გურამ მურადოვს, გიორგი ჭუმბურიძეს, ეკატერინე აბაშიძეს, გიორგი დიასამიძეს, დავით შეყილაძეს, დიმიტრი ფოჩხიძეს, ირაკლი გიორგაძეს, ნიკოლოზ შარვაშიძეს, თეიმურაზ დიდბერაშვილს და ვახტანგ ბერიკაშვილს – თითოეულს 5 000 ევრო;
  • ირაკლი ხვადაგიანსა და ირაკლი ჩიკვილაძეს — 1 800-1 800 ევრო.
სახელმწიფომ ასევე უნდა გადაიხადოს 6 000 ევრო ხარჯებისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება განმცხადებლებს დაეკისროს.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები