შსს: 8-9 მაისს აქციებში მონაწილე ექვსი პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების კიდევ ექვსი მონაწილე დააკავა - ინფორმაცია ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა მიაწოდა საზოგადოებას. თამაზაშვილის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში.

აქციის ექვსი მონაწილე 8-9 მაისს დააკავეს. დაკავებულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გავიგეთ რომ:

ერთ-ერთ დაკავებულს გამოძიება ედავება 16 აპრილს სამართალდამცველების მისამართით ბლაგვი საგნის სროლას (რომელიც დაკონკრეტებული არ არის), რამაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის თვალის დაზიანება გამოიწვია;
კიდევ ერთმა დაკავებულმა 16 აპრილის აქციაზევე დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი;
ორ დაკავებულს ბრალად ედება 1-2 მაისს აქციაზე 112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანება.
ერთ დაკავებულს ედავებიან 1 მაისს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას. ამავე ადამიანმა, გამოძიების მტკიცებით, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში შეკრებილი პოლიციელების მიმართულებით, რის გამოც დაზიანება მიიღო ერთმა მეხანძრე-მაშველმა;
დაკავებულთა შორის არის ადამიანი, რომელმაც 1 მაისს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა დააზიანა.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ამნესტი ინტერნეიშენალის" შეფასებით, თბილისში გამართული აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა უკანონოა და ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ იმ ხალხმრავალ აქციებზე, რომლებიც ძირითადად არაორგანიზებულად, სპონტანურად იმართება, "პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს."

"აქციის მონაწილეები სხვადასხვა დროს ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები",
- განაცხადა 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე სულხან თამაზაშვილმა. მისი თქმით, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაშავდა სულ შვიდი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების პარალელურად აწარმოებს გამოძიებას "საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" სისხლის სამართლის სამი მუხლით:

  • 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება);
  • 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა);
  • 226-ე მუხლი ( ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.)
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან",
- ითქვა დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი უთქვამს აქციებზე დაშავებულ მოქალაქეებსა და მათ მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევებზე.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები