როგორ უნდა მოიქცეთ თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებსაც უწყების თქმით, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ შსს-ში მიმდინარე გამოძიებასთან, გამოკითხვაზე დაიბარებენ. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ.

საბა ბრაჭველის პოსტს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

  • უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
  • თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
  • თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
  • არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
  • არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ;
  • არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ ‘შედეგებით’, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.
სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი — 577070563;
სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი — 1481;

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია,“ — ამბობს საბა ბრაჭველი.

დღეს 9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში არაფერი უთქვამთ გუშინ 8 მაისს ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან
მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები