„ოცნება“ ვენეციის კომისიას პროფესიულ მსჯელობას უწუნებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას პროფესიულ მსჯელობას უწუნებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
ამის მიზეზი გახდა რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მკვეთრად უარყოფითი დასკვნა, რომელიც დღეს, 21 მაისს გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნა რუსულ კანონზე 24 გვერდზეა გაშლილი და დეტალურად არის მიმოხილული, რატომ ეწინააღმდეგება ის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ კონკრეტულ
მუხლებს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, სალომე ქურასბედიანისთვის, ეს არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა.

საზოგადოებას სწორედ მან გააცნო „ქართული ოცნების“ განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“
, — განაცხადა დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისიამ დღეს, 21 მაისს გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც საქართველოში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვენეციის კომისიის დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

„ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის“,
— აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები