უცხოელებს დაუმუშავებელი მიწები შესაძლოა ჩამოართვათ
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, უცხოეთის მოქალაქებს , რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ, მისი დამუშავების ვალდებულება ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთარ დანელიას განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად, ან საერთოდ არ მუშავდება.

“დაახლოებით 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო მიწის ნაკვეთი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაში. ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებული იქნას ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ანუ მიზნობრივი ათვისება მოხდეს იმ სავარგულების, რომლის ძალიან დიდი ნაწილი დღეს მოცდენილია. იქნება სანქციები, არ გამოვრიცხავთ ექსპროპრიაციას, თუმცა ეს იქნება საკომიტეტო მოსმენის საგანი, მაგრამ ამ ვერსიაში ჩვენ ამას მოვიაზრებთ. თუ უცხო ქვეყნის ფიზიკური პირები არ აითვისებენ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწას, არ გამოვრიცხავთ, დავავალდებულოთ, რომ გაასხვისონ აღნიშნული კანონის შესაბამისად,”-განაცხადა ოთარ დანელიამ 23 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამეტში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.


წყარო:ნეტგაზეთი
Print