რატომ აკრძალა მთავრობამ 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი
მთავრობის დადგენილებით, ქვეყნიდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.

როგორც bm.ge-თან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, აკრძალვის მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო წლებში პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა გააქტიურდა, თუმცა ქვეყნიდან ძირითადად 70-80 კილოგრამის წინის პირუტყვი გადიოდა.

,,მთლიანი დამატებული ღირებულება, რაც უნდა მოიტანოს საქონლის გაზრდამ, მიდიოდა სხვა ქვეყნებში. ამიტომ, იმისთვის რომ ფერმერებმა და საქართველოს ეკონომიკამ ისარგებლოს, დადგინდა ის ზღვრული წონა, რომელიც საშალებას იძლევა აქ გაიზარდოს საქონელი. ესა ის ოპტიმალური ზღვარია, რომელიც იცავს, როგორც -მწარმოებლის, ისე ექსპორტიორის ინტერესს, მაგრამ გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიც, რათა მეტი დამატებული ღირებულება დარჩეს ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ხანიშვილმა.

მისი თქმით, პირუტყვის ექსპორტის ზრდა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ის წამგებიანი არ უნდა იყოს ქვეყნისთვის.

,,არსებული ვითარება, ჩვენთვის წამგებიანი იყო, იმპორტიორი ქვეყნებისთვის კი, მომგებიანი“, - აღნიშნა ხანიშვილმა.

შეგახენებთ, რომ საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ძირითადად აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის.

წყარო: bm.ge
Print