კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება
კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებენ.

"მთავრობას და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობა. გამკაცრება-ოპტიმიზაცია შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ რა მიმართულებებით ვმუშაობთ. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრება და ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ ახალ მშენებლობებს, რაც შედარებით მარტივია, არამედ, დღეს არსებულ საბინაო ფონდს, ძველ კორპუსებს. იქ მთავრობა მზად არის და მერიასთანაც ვიხილავთ საკითხს, რომ გარკვეული პაკეტი შევთავაზოთ მოსახლეობას, ვიდრე ეს მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება.

კონკრეტულად ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟებას, ასევე ეს იმგვარად უნდა იყოს გაკეთებული, რომ მოსახლეს არ შეეძლოს თვითნებურად ელექტროენერგიის კვებიდან მათი გამორთვა, ასევე ეს იქნება სწორი და კვალიფიციური მონტაჟი გაზის დანადგარების და ასევე, სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია გაზის ექსპლუატაციასთან. საწყის ეტაპზე, ძველ კორპუსებში შეიძლება მოსახლეობას შევთავაზოთ ეს პაკეტი და ამ მიმარულებით ხარჯებიც გავიზიაროთ, მაგრამ სამომავლოდ ეს ყველასთვის ყოვლად სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან მოსახლე, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს, საფრთხეს უქმნის ყველა მეზობელს.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა ფორმით მოხდება ხარჯების განაწილება, თუმცა, მზად ვართ გარკვეულ შეღავათიან პაკეტზე წავიდეთ",
- განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პაკეტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print