„თამბაქოს გაყიდვები 30%-ით შემცირდა - მოსახლეობა თუთუნის მოხმარებაზე გადადის“
„თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სანაცვლოდ ქვეყანაში იზრდება თუთუნის მომხმარებელთა რიცხვი და არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებლები. სხვიტარიძე წლის განმავლობაში სიგარეტის გაძვირებას ისევ პროგნოზირებს.

„ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიული დირექტორის თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში სიგარეტზე აქციზი გაცილებით დაბალია. ეს გარემოება კი, მისივე განმარტებით, არალეგალური ვაჭრობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

„რეგიონალურ ჭრილში ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში აქციზის გადასახადი რადიკალურად დაბალია. განსხვავება ერთ დოლარზე მეტია. ეს ფაქტი კი არის საკმაოდ დიდი ცდუნება უკანონო ვაჭრობით დაკავებული ადამიანებისთვის. შესაბამისად, არალეგალური ვაჭრობის ხვედრითი წილი შესაძლოა, გაიზარდოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უაქციზო სიგარეტების ამოღების მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს. არალეგალური ვაჭრობა და მომხმარებლის მიერ დაბალ სეგმენტზე, ე.წ. თუთუნზე გადასვლა, ცალსახად აისახა ჩვენს გაყიდვებზე.

მოგეხსენებათ, ცალკეულ ფიზიკურ პირებს შემოაქვთ ნედლი თამბაქო, რომლის ფასიც 7-ჯერ 8-ჯერ იაფია იმპორტირებულ სიგარეტზე, თუმცა მის ხარისხს ვერავინ ამოწმებს. ჩვენი მომხმარებელის რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, აქციზისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა გადასახადებს იმ ოდენობით ვეღარ გადავიხდით, რასაც ვიხდიდით. ეს ყველაფერი აკლდება ისევ ბიუჯეტს და ვვარაუდობთ, რომ თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხების მოცულობა ბიუჯეტში წელს გაცილებით დაბალ ნიშნულზე იქნება“,
- აცხადებს სხვიტარიძე.

ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ.

შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა ორჯერ - 50-50 თეთრით მოიმატა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები