იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ზემო სარალის სკოლა გარემონტდა
დღეს, 14 მაისს სოფელ ზემო სარალის სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა. სკოლის სარემონტო სამუშაოების საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 2 მარტს, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებას შეორის მოეწერა. როგორც მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე ამბობს, სკოლის სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ორი წლით ადრე, ორგანიზაციამ სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლა დაიწყო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ენდიაის“ მხარდაჭერით სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის სარემონტო პროექტი შეიმუშავა.
„საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენი მოვალეობები მთლიანად შევასრულეთ, მოხდა ორი შენობის რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე და ახალი სასწავლო წელი სკოლამ რებილიტირებულ შენობაში დაიწყო.“ - ოლგა ენდელაძე
სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის ორი შენობა უკვე რეაბილიტირებულია და მოსწავლეები ახლადგარემონტებულ კლასებში იღებენ განათლებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, სკოლაში კვლავ არის საჭირო გარკვეული სამუშაოების შესრულება. როგორც ოლგა ენდელაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, დღევანდელ სკოლის გახსნის ცერემონიალზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს თუ როგორ დაესრულებინათ სკოლის სრული რეაბილიტაცია.
„ვალდებულებები და კომპეტენციები შეიცვალა, განათლების სამინისტრო უკვე ვეღარ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და თვითმმართველობაც ვერ ახერხებს ამას, რის გამოც დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ ეს პროექტი მთლიანად. მივაღწიეთ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ დავიწყოთ ინიცირება რეგიონალური სამინისტროს დონეზე რომ მათ გამოგვიყონ თანხა, ვინაიდან ტექნიკური პროექტი უკვე მომზადებულია და იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი ბოლომდე შესრულდება.“ - ოლგა ენდელაძე
სკოლის დირექტორი მამედ კირეიევი ამბობს, რომ სკოლის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ბავშვებს განათლების მიღება უძნელდებოდათ.
„არა, არ იყო ძნელი სამუშაოები, 14 ივლისს დავიწყეთ და 10 სექტემბერს დავასრულეთ, ძალიან კარგად ვმუშაობდით. წარმოიდგინეთ, მთელი სამი თვის განმავლობაში თითქმის აქ მეძინა, სამაგიეროდ ყველაფერი მოვასწარით და გაკვეთილებიც კარგად დავიწყეთ.“ - მამედ კირიევი
სკოლის გახსნის ცერემონიალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარენულის მერი თემურ აბაზოვი და იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდნენ. თემურ აბაზოვმა ზემო სარალის სკოლის გახსნა მნიშვნელოვნად შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვა.
საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას თქმით, ის ბედნიერია რომ 120 მოსწავლეს საშვალება მიეცა აღნიშნული პროექტის ფარგლებში განათლება რეაბილიტირებულ სკოლაში მიიღონ.
„იაპონიის საელჩოსა და იაპონიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება და მოხარული ვარ რომ საელჩოს შესაძლებლობა აქვს გატარდეს ასეთი კარგი ღონისძიებები და ამით საქართველოს ყველა რეგიონში ხელი შეუწყოს ადამიანების უსაფრთხოებას. იაპონიის საგრანტო პროგრამისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და სამედიცინო ტიპის პროექტები, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს.“ - ტადაჰარუ უეჰარა
„გრასუტების საგრანტო პროგრამით“ რომლის ფარგლებშიდაც ზემო სარალის საჯარო სკოლა გარემონტდა, 1998 წლიდან დღემდე 163 პროექტი დააფინანსა, რომელთა საერთო ღირებულებამ ჯამში 16 642 524 აშშ დოლარი შეადგინა, საედანაც 82 675 აშშ დოლარი ზემო სარალის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის იყო გამოყოფილი.
რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები