ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი საინფორმაციო ტურის ფარგლებში მარნეულს ესტუმრა
დღეს, 25 მაისს ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი მარნეულში გაჩერდა. ევროკავშირის ავტობუსი მარნეულს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრა, მისი მგზავრები კი არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები არიან. ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი მარგო ჯაფარიძე ევროკავშირის ავტობუსის მარნეუში ჩამოსლის მიზეზებზე გვესაუბრა.

„რეგიონებში ბევრი ადამიანია, რომლებიც მეურნეობას ეწევიან. იქნება ეს ფერმერობა, ვაჭრობა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად არააქვთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ რაც არსებობს. შესაძლოა ისინი ბანკში მიდიოდნენ და იღებდნენ დიდ კრედიტებს, მაშინ როცა მათთვის არსებობს ევროკავშირის პროგრამა და შეღავათიანი კრედიტები.“
- მარგო ჯაფარიძე

საინფორმაციო კამპანიის ორგანიზატორები დაინტერესებულ მხარებს უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რის შესახებაც ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი გვესაუბრა.

„ადგილობრივ მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება განავითარონ მათი ბიზნესი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში. საკუთარ ბიზნესში იგულისხმება მეწარმეობა, ფერმერობა, ასევე შესაძლებელია იყოს ვაჭრობა და ა.შ. ჩვენ ვაცნობთ მათ თუ რა გრანტებს სთავაზობს ევროკავშირი იმისთვის, რომ შეძლონ თავიანთი პროდუქციის ადგილზე განვითარება, სტანდარტებთან მორგება და სტანდარტიზაცია როგორც საქართველოში ისე გატანა საზღვარგარეთ და ევროკავშირთან ვაჭრობა.“
- მარგო ჯაფარიძე

ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი მარნეულში საღამომდე, ჯავახიშვილის სკვერისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩება.
საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.
რადიო „მარნეული“

Print