მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი მეორე სკოლის გამოცდებში უკანონოს ვერაფერს ხედავს
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი მეორე სკოლის გამოცდებში უკანონოს ვერაფერს ხედავს.


ამის შესახებ ჰაჯიევმა დღეს, 2 ივლისს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, როდესაც ის მარნეულის N-2 საჯარო სკოლაში მშობლებსა და სკოლის დირექციას შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

„მეორე საჯარო სკოლაში რაც არის პროცესი, გამოცდებთან დაკავშირებით, ყველაფერი იყო კანონიერი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მშობლებს განსხვავებული აზრი აქვთ.“ - განაცხადა რუსლან ჰაჯიევმა.

პარლამენტარმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მან მოისმინა მშობლების პრეტენზიები და ასევე გაეცნო სკოლის დირექციის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მე პირადად გავესაუბრები განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას. ისინი თვითონ იმსჯელებენ შინაგანაწესით და თუ რომელიმე საკითხი გამოტოვებულია მიიღებენ შესაბამის ზომებს.“ -ამბობს რუსლან ჰაჯიევი.


რუსლან ჰაჯიევის თქმით, მიმდინარე პროცესს ისინი თვალყურს მიადევნებენ. მიუხევდავად პარლამენტარის შეფასებისა, რომ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში გამოცდები კანონის დაცვით ჩატარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ გვითხრა, რომ მეორე სკოლაში მე-6 და მე-9 კლასელთათვის ჩატარებული გამოცდები კანონის დარღვევით ჩატარდა. კონკრეტულად კი არ შეიძლება წელიწადში 2-ზე მეტ საგანში გამოცდის ჩაბარება, როდესაც მეორე სკოლაში მე-9 კლასს გამოცდები 9 საგანში ჩაუტარდა. ხოლო მეექვსე კლასის შემთხვევაში გამოცდების ჩატარება სრულიად კანონსაწინააღმდეგოა.

რადიო „მარნეული“

Print