ახალი სკვერის მოსაწყობად მერიამ 1 095 654 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის 1 095 654 ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება .

ტენდერიდან ირკვევა, რომ ძეგლის რეაბილიტაციისა და დასასვენებელ-რეკრეაციული პარკის მოწყობისათვის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.

1975 წელს შექმნილი ძეგლი გაიწმინდება და მოხდება მისი ამორტიზირებული ნაწილების რესტავრაცია ისე, რომ ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია არ შეიცვალოს, ვინაიდან „კიდევაც დაიზრდებიან“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ძეგლის რესტავრაციის გარდა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ზონად დაყოფილი სკვერის მოეწყობაც იგეგმება.

„პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა განვითარდება მონუმენტური ძეგლის ოთხივე მიმართულებით. ძირითადად მოეწყობა სამი ზონა ესენია: საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებითა,თავისი გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია სპორტული ტრენაჟორებით. ძეგლის უკანა მხარეს დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, შემეცნებით-სადღესასწაულო ზონა, სადაც მოეწყობა ღია ამფითეატრი და შესაძლებლობა იქნება გაიმართოს შემეცნებითი ტიპის სემინარები და სადღესასწაულო წარმოდგენები, ხოლო ტერიტორიაზე მდებარე ფერდობებზე განთავსდება საფეხმავლო ბილიკები.“ - წერია მერიის განცხადებაში




პარკის მთლიან ტერიტორიაზე იგეგმება საფეხმავლო, ველო და პანდუს ბილიკების მოწყობა.

„პროექტის მიხედვით, ძეგლის დასავლეთ მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც კომპოზიციურად ოვალურ-რკალური ფორმის იქნება. პარკის ძირითადი პერიმეტრის გასწვრივ, მოეწყობა ასფალტის საფარიანი ველო და პანდუს-ბილიკი. ველო და პანდუს-ბილიკები გაივლის სამივე ზონას და სპორტული აქტივობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცირკულაციურად იმოძრაონ ძეგლის გარშემო მდებარე ყველა ძირითად ნაწილში.“ - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში

დამსვენებლებისათვის პარკში მოეწყობა ეგრედწოდებული Wi-Fi ზონაც. პარკის ტერიტორიაზე განთავსდება წარწერები „მე მიყვარს მარნეული“ და „კიდევაც დაიზრდებიან“.




ტერიტორიაზე იქნება პარკინგი და სველი წერტილები.

პროექტის პირველი ეტაპისათვის 659 314, ხოლო მეორე ეტაპისათვის 472 365 ლარი იქნება გათვალისწინებული.

ტენდერისათვის წინადადებების მიღბა 3 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება. კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 225 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

რადიო „მარნეული


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google