მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კულტურის სახლისთვის ნარიმანოვის, ხოლო მეორეს მიმდებარე სკვერისათვის კოსტავას სახელის მინიჭება სურს
მარნეულის კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერს შესაძლოა მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას მარნეულელმა აქტივისტმა ირაკლი ქველაძემ განაცხადა.

ქველაძე ამბობს, რომ სკვერისათვის კოსტავას სახელის მინიჭებისათვის მან 11 ივლისს, ქართველი, აზრბაიჯანელი და სომეხი ეროვნების აქტიური ახალგაზრდების ხელმოწერები შეაგროვა და მუნიციპალიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა.

„მერაბ კოსტავას სახელი იყო ადრე და არეულობის შემდეგ გადაივიწყა საზოგადოებამ და შეიცვალა მე კი ისევ მინდოდა, რომ მერაბ კოსტავას სახელი დაბრუნებოდა.“ - ამბობს ირაკლი ქველაძე

აქტივისტი განმარტავს, რომ მისი ინიციატივა მხოლოდ კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის სახელის დაბრუნებას უკავშირდება. ხოლო მოქალაქეთა ნაწილის ინიციატივას, რომლითაც ისინი კულტურის სახლისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს გაუგებარს უწოდება.

„უბრალოდ კავშირში არ მოდის კულტურის სახლს თუ რატომ უნდა ეწოდოს ნარიმანოვის სახელი. სად ნარიმანოვი და სად კულტურის სახლი, რაიმე სკვერს რომ დაერქვას კიდევ ხო, მაგრამ ესეც არ იქნება მიზანშეწონილი. ჯერ ვინ იყო ნარიმანოვი ეგ გაარკვიონ და შემდეგ იბრძოლონ სახელის მინიჭებაზე“ - გვეუბნება ირაკლი ქველაძე

ირაკლი ქველაძემ ჩვენთან კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ბიუსტზეც ისაუბრა და თქვა, რომ სკვერისათვის სახელის შეცვლის შემდეგ, აღნიშნული ბიუსტის გადატანაც გახდება საჭირო.

„როდესაც ოფიციალურად კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს სკვერი არის მერაბ კოსტავას სახელობის, იქ უკვე აღარანაირ საჭიროებას წარმოადგენს ნარიმანოვის ძეგლის ყოფნა. შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც მისი სახელობის ქუჩა იქნება ან თუ მისი სახელობის სკვერს წარმოქმნიან სხვა ტერიტორიაზე, იქ გადაიტანონ ძეგლი.“ - ამბობს ირაკლი ქველაძე

მარნეულელმა ფუად გახრამანოვმა მერიას წერილით 6 აგვისტოს მიმართა, ის ითხოვდა, რომ კულტურის ცენტრისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელი მიენიჭებინათ. მანამდე, 13 ივლისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოქალაქეთა ხელმოწერების შესაგროვებლად, შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აზერ მამედოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ქუჩის, სკოლის, კულტურის ცენტირს სახელის შეცვლა ეთნიკურად აზერბაიჯანლებს ძალიან აწუხებთ და ეს დისკრიმინაციად მიიღება.

„როგორც იცით, ჩვენ აქ მცხოვრები აზერბაიჯანლები ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წაროვადგენთ. ჩვენ აქ საიდანღაც მოსულები არ ვართ. ჩვენ სულ აქ ვცხოვრობდით, რის გამოც ჩვენი ღიებულებები დაცული უნდა იყოს. ჩვენს კუთხეში ქართველი მწერლების სახელობის ბევრი ქუჩაა და ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ აზერბაიჯანელი მწერლების სახელობის ქუჩაც გვინდა რომ იყოს.“ - აზერ მამედოვი

სკვერისათვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ თქვა, ამ ეტაპზე დოკუმენტაციების იძიებან. მოქალაქეთა კოლექტიური წერილის მიხედვით, სკვერი კოსტავას სახელს ადრეც ატარებდა, ამ ეტაპზე კი მერიაში სწორედ იმ დოკუმენტაციის მოპოვებას ცდილობენ, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფაქტი ან დადასტურდება ან არა.

მუნიციპალიტეტი კულტურის სახლის შენობისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებითაც მსჯელობს. როგორც ლობჯანიძე ამბობს, ეს ორი საკითხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინფორმაცია მოსახლეობისათვსაც გახდება ცნობილი.

ჯერ-ჯერობით უცნობია მიენიჭება თუ არა სკვერს მერაბ კოსტავას, ხოლო კულტურის ცენტრის შენობას ნარიმან ნარიმანოვის სახელი.

რადიო "მარნეული"

Print