80 წლის ისმიხანს 50 წლის შვილისათვის პასპორტის ასაღებად სასამართლოში ჩივილი მოუწევს
დღეს, 13 აპრილს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზოგადოება „ ინვალიდთა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ საქართველოს ფილიალმა შეხვედრა დაგეგმა. შეხვედრაზე დასასწრებად მარნეულის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიდნენ პირები, რომლებსაც თავად აქვთ შეზღუდული სესაძლებლობების სტატუსი ან მათი ოჯახის წევრებს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციამ დამსწრეები პრობლემების განსახილველად კი არა, არამედ ინგლისური ენის გაკვეთილების ჩასატარებლად დაპატიჟა, რამაც შეხვედრაზე მოსულების მხრიდან უკმაყოფილობა და პროტესტი გამოიწვია. შეხვედრა ჩაიშალა,ინგლისური ენის  გაკვეთილი კი არ შედგა.

სოფელ კაჩაგანის მცხოვრები 80 წლის ისმიხან ამირჯანოვი საკუთარ 50 წლის ქალიშვილთან, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. ჯამრთელობის, ეკონომიკური სიდუხჭირის და სირთულეების მიუხედავად პრობლემების მოგვარების იმედით სოფლიდან ჩამოვიდა.

„რუსეთში პატარა რომ იყო მაშინ წავიყვანეთ. სახელმწიფო პროგრამა იყო და გვითხრეს დაგვიტოვეთ ჩვენ ასეთ პაციენტებს მოვუვლითო. დატოვეთ ბავშვიო, მაგრამ, ჩვენ არ გავიმეტეთ. მაინც ჩვენი შვილია. მერე გვითხრეს ყირიმში ევპატორიში წაიყვანეთო. იმით დაეხმარა ეს მკურნალობები რომ ახლა მწოლიარე არ არის. დადის, უბრალოდ ჩვენ ორივე მხრიდან გვიჭირავს. მისი საპირფარეშოში წაყვანა, მოვლა ძალიან გვირთულდება და მხოლოდ მე და მეუღლე ვუვლით.“ - ისმიხან ამირჯანოვი.

ისმიხანი ჰყვება, რომ ქალიშვილის ძველი პასპორტის ვადის გასვლის შემდეგ უკვე ორი წელია, ყოველ ექვს თვეში, მათ ახალი პასპორტის აღება იუსტიციის სახლში უწევთ. ყოველ ექვს თვეში ერთხელ მათ სოფლიდან მარნეულში ჩამოსვლა, საწვავისა და ოფიციალური პასპორტის საფასურის გადახდა უწევთ.  ოჯახის შემოსავალი კი ისმახანის და მისი მეუღლის პენსია, რასაც 180 ლარიანი სოციალური დახმარებაც ემატება. იუსტიციის სახლში კი ეუბნებიან, რომ მუდმივი პირადობის აღებას ასეთი ინვალიდობის მქონე ადამიანისთვის მხოლოდ სასამართლოს გზით თუ მოახერხებენ.

„იმის გამო რომ დამოუკიდებლად საბუთზე ხელს ვერ აწერს მუდმივ პასპორტს არ გვაძლევენ. პირველი ჯგუფის ინვალიდობა აქვს. სასამართლოში უნდა მივმართოთ, სასამართლო ბოლნისშია. ერთხელ, ორჯერ უნდა წავიდეთ. ძალიან გვიჭირს სიარული, წამლები ხომ უნდა ვიყიდოთ, ჩვენც მოხუცები ვართ. ბოლნისში უნდა შეამოწმონ საბუთები და რომელიმე ჩვენგანი მის მეურვედ დაგვნიშნონ რომ მის ნაცვლად ხელის მოწერის უფლება მიგვენიჭოს. გვირთულდება ეს ყველაფერი.“ - ისმიხან ამირჯანოვი.

ამირჯანოვი ჰყვება, რომ დახმარებისთვის არსდროს არავისთვის მიუმართავს. სოფლიდან მარნეულში ჩამოსვლა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყოველთვიურად კი ძვირადღირებული წამლების შეძენა უწევთ, რასაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ხარჯებიც ემატება. ისმიხანს აინტერესებს, ნუთუ არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა,  რომელიც ასეთ სიტუაციებში დაეხმარება და გამონაკლისს დაუშვებს.

როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა თქვა, ამირჯანოვების ოჯახს მარნეულში უფასო იურიდიული დახმარების სამსახური დაეხმარება სასამართლოში შესატანი განცხადების მომზადებაში, რათა ისმიხანის შვილს ოფიციალურად დაუნიშნონ მხარდამჭერი პირი, რომლის დახმარებითაც მას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სუბიექტებთან შეეძლება სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა. მაგრამ, როგორც ისმიხანმა უკვე გითხრა, სასამართლოში დავის წარმოებისათვის მას ფინანსური სახსრები არ აქვს.

რადიო "მარნეული"
Print