რაიან სმითის იდეის განსახორციელებლად მარნეულში ხელმოწერების შეგროვება იწყება
მარნეულში რაიან სმითის იდეის, საბავშვო მოედნის მოწყობის განსახორციელებლად ხელმოწერების შეგროვება იწყება.

ამის შესახებ დღეს, 10 ივლისს,  მანეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ. მეგობრები, მარნეულელი აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მარნეულში საბავშვო მოედანი სმითების ოჯახის სახელის უკვდავსაყოფად უნდა გაკეთდეს.

ამავე შეხვედრაზე, 12 ივლისს, გარდაცვლილების ხსოვნის საპატივცემულოდ, ქალაქ მარნეულში მსვლელობა დაიგეგმა. სამოქალაქო სამძიმარი რუსთაველის ქუჩაზე, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას გაიმართება, სადაც რაიან სმითს საბავშვო მოედნის მოწყობა სურდა. მათი ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ, შეკრებილები სმითების სახლისაკენ გადაინაცვლებენ, რომელიც ამჟამად დაკეტილია. 

სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. 

დაკავებულია მწყემსი, 1998 წელს დაბადებული მ.კ , რომელსაც ბრალი ედება ორი ან მეტი პირის,  მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა მ.კ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, სამართალდამცველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი ზვავში გადამალული იპოვეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები რაიან სმიტსა და მის შვილს მიაყენა, ხოლო ლორა სმიტი გაქცევის მცდელობისას ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებულს  ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

რაიან სმიტი და მისი ოჯახი მარნეულში 6 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები