"ევროპა ჩემოდანში" - ადამიანის უფლებების მხრივ რვა ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა მარნეულშ განიხილეს
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს.

რვა ახალგაზრდა პოლიტიკური ექსპერტი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, სერბეთიდან და ხორვატიიდან საქართველოს 5 რეგიონში შეხვედრებს გამართავენ და მოსახლეობას საკუთარ ქვეყნებში, ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებს გააცნობენ.

საქართველოს ხუთ რეგიონს შორის ერთ-ერთი მარნეულიცაა. უკრაინის წარმომადგენელმა, დღეს მარნეულელებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია გააცნო და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა მთავრობის როლი უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის, LGBTQ თემის წარმომადგენლების გამოწვევები უკრაინაში და ა.შ.

როგორც ჩვენთან საუბრისას ჩეხეთის წარმომადგენელმა მარკო რავლიჩმა თქვა, ეს პროექტი კარგი შესაძელებლობაა, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის პრობლემები გაუზიარონ.

„ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ვიპოვოთ გზა ამ პრობლემების გადასაჭრელად. თუ ჩვენ შევცვლით მდგომარეობას ხორვატიაში, მაშინ შესაძლოა, რომ ამაზე საუბრისას საქართველომ გადაიღოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა, ან პირიქით.“ - გვითხრა მარკო რავლიჩმა

მარკო ასევე ამბობს, რომ პრობლემები, რომლის შესახებაც შეხვედრებზე საუბრობენ ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად ერთი და იგივეა.

შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები - ადაპტირება ჩვენი დროის გამოწვევებთან; ფუნდამენტური უფლებების ხელშეწყობა და ბრძოლა უფლებებისთვის; ადამიანის უფლებების ძირითადი ტენდენციები და საფრთხეები; კონფიდენციალურობის უფლება - მთავრობების როლი უსაფრთხო გარემოსა და ახალი ბიზნეს მოდელების ფონზე; ადამიანის უფლებები რელიგიური მრავალფეროვნების ფონზე ბალკანეთის ქვეყნებში; დღევანდელი ტენდენციები და გამოწვევები უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ; ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო ვალდებულება - სიტყვის თავისუფლება - უფლება თუ პრივილეგია; კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა და ადამიანის უფლებების დარღვევა გერმანიის გამოცდილების მაგალითებზე.

პროექტს "ევროპა ჩემოდანში” ახორციელებს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები