"ავრტოპარკი მოძველებულია, ამორტიზირებულია და ითხოვს განახლებას, რაზეც ვმუშაობთ" - ზაურ ტაბატაძე
სოფელ წერეთელში ქვემო ქართლის გუბერნატორის მოსახლეობასთან შეხვედრისას გუბერნატორმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ მოქალაქის მიერ დასმულ კითხვას უპასუხეს.

მარნეული-წერეთელი-საიმერლოს ხაზზე ორი სახის ტრანსპორტი მოძრაობს, კერძო (პირველი ნომერი) და მუნიციპალური (ყვითელი ავტობუსი).

მოქალაქემ სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს რადიო "მარნეულის" ფეისბუქ ლაივის მეშვეობით კითხა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული ტრანსპორტის გაუმართაობა და გრაფიკის სწორი რეგულირება.

გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ტრანსპორტის პრობლემაზე ზოგადად ისაუბრა და თქვა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება ყველგანაა საჭირო და თუ მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტი გასაახლებელია, ერთბაშად ვერა, მაგრამ რაღაც დოზით, ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს.

"რაც შეეხება არამუნიციპალურს, იქაც უნდა იყოს რაღაც სტანდარტები დაცული და პირველ რიგში უნდა იყოს ეს ყველაფერი მიმართული იმისკენ, რომ მოსახლეობის გადაყვანა იყოს უსაფრთხო და კომფორტული." - თქვა შოთა რეხვიაშვილმა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე ცალკე საუბარი რეგიონის დონეზე ექნებათ და ავტოპარკის განახლების საკითხი სხვანაირად უნდა დაიგეგმოს.

ზაურ ტაბატაძემ თავის მხრივ თქვა, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტმა სამი ახალი ავტობუსი შეიძინა, რომელიც ქალაქ მარნეულში მოძრაობს. შარშანწინ კი ორი ავტობუსი მთიანი რეგიონისათვის იყიდეს.

"დანარჩენი ავრტოპარკი მოძველებულია, ამორტიზირებულია და ითხოვს განახლებას, რაზეც ვმუშაობთ. ერთბაშად ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ბიუჯეტი არ გვაძლევს მაგის შესაძლებლობას, რის გამოც ეტაპობრივად მოხდება ძველის ჩანაცვლება ახლით" - თქვა ზაურ ტაბატაძემ წერეთლელებთან შეხვედრისას

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კერძო ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით არაფერი თქვა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები