სავაჭრო ობიექტები პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვას ძველი მარაგის ამოწურვის შემდეგ დაიწყებენ




პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი გახდა. აკრძალვა ჯერჯერობით 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი პლასტიკის პარკების წარმოება აიკრძალება.

რადიო "მარნეული" დაინტერესდა თუ რამდენად მომზადებულები შეხვდნენ სავაჭრო ობიექტები ახალ რეგულაციას. დაახლოებით 10-მდე სუპერმარკეტში ვიყავით, მოვაჭრეების უმეტესობა ამბობს, რომ ახალი კანონს შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ისევ იმ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, რაც აქამდე ჰქონდათ. ამბობენ, რომ საქმის კურსში არავინ ჩააყენათ და არ იციან სად შეიძინონს 15 მიკრონზე მეტი სისქის პარკები. ზოგიერთის თქმით კი ახალი რეგულაციების შესახებ არაფერი იციან.

სუპერმარკეტების კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობებს ევალება. მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ ჯერ მუშაობა დაწყებული არ აქვთ და სარეკომენდაციო წერილს ელოდებიან. როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ახალ რეგულაციებზე კონტროლი ეტაპობრივად მოხდება. მუნიციპალიტეტებთან  შეხვედრა და ტრენინგი კვლავ იგეგმება

კითხვაზე, როგორ უნდა განვასხვავოთ სისქის მიხედვით პოლიეთილენის პარკები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სხვანაირ პარკს მომხმარებელი ვეღარ შეიძენს, გამომდიინარე იქედან რომ საბაჟოებსა და ადგილობრივ საწარმოებს მკაცრად აკონტროლებენ.

ახალი რეგულაცია ძალაში 1 ოქტომბრიდან შევიდა. აღსანიშნავია, რომ რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარით გამოიწვევს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

რადიო "მარნეული"

Print