მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში საბავშვო ბაღი ორშაბათიდან
დაიწყებს ფუნქციონირებას. სააღმზრდელო დაწესებულება დაახლოებით ორი
წელია აშენდა, თუმცა სწავლა აქამდე შიდა დიზაინის მოუწესრიგებლობის
გამო არ იწყებოდა. ადგილობრივი მოსახლეობას ქალაქ მარნეულში უწევდათ
ბავშვბის წაყვანა, რაც გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული.
ფიქრობენ, რომ ახლა თანხას დაზოგავენ.
ალგეთი საბავშვო ბაღის გამგედ, მარნეულის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების სპეციალისტი, თურაჯ იბრაგიმოვა დაინიშნა. მასთან
გასაუბრება მიუხედავად არაერთი სატელეფონო ზარის მცდელობისა, ვერ
შევძელით.
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა,
რომ ალგეთის საბავშვო ბაღში სულ 240 აღსაზრდელია დარეგისტრირებული,
ბაღი კი 180 ბავშვზეა გათვლილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე 200 ბავშვის
განთავსებას შეძლებენ სააღმზრდელო დაწესებულებაში, ხოლო 40 ბავშვი
რეზერვში დარჩება.
ალგეთის საბავშვო ბაღში 5 ჯგუფია, თითოეულს საკუთარი აღმზრდელი და
მასწავლებელი ჰყავს. მარნეულში სულ 13 საბავშვო ბაღია.