ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის შესახებ მარნეულში დისკუსია გაიმართა
სამოქალაქო ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების შესახებ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 26 ნოემბერს დისკუსია გაიმართა .

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

პროექტის მიზანია, ქვემო ქართლში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევებისა და ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ რის შესახებაც დისკუსიის ორგანიზატორი, „ქართველ სომეხთა კავშირის“ თავმჯდომარე მარიამ არაქელოვა გვესაუბრა.

“მიზანი არის, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებთან მიმართებაში ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ერთგვარი პლატფორმის შექმნა, თუ რა მიმდინარე პროცესები არსებობს, რა გამოწვევებია, რით შეუძლია მოსახლეობას ისარგებლოს და რა წინადედებები აქვთ ამ თემებთან დაკავშირებით.“ - გვეუბნება მარიამ არაქელოვა

გაეროს ასოციაცია, ოფიცერი ადამიანის უფლებების საკითხებში დონელა ჩხარტიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილა ისეთი საკითხები, რომლებიც მოსახლეობას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აწუხებს.

„სამოქალაქო სექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, რომელიც მოსახლეობას ამ ეტაპზე აწუხებს სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით და სამომავლოდ დავგეგმავთ ერთობლივ ქმედებებსა და ინიციატივებს ადგილობრივი აქტორების ჩართულობით.“ - ამბობს დონელა ჩხარტიშვილი

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები. საიას რუსთავის ოფისის ხელმძღვანელის ეკატერინე ფალავანდიშვილის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კუთხით ეთნიკური უმცირესობების აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ამ დრომდე ვერ მოხდა.

„ძალიან ბევრი პრობლემები დაუგროვდათ მათ ამ კუთხით, ვინაიდან კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის არცოდნა. ეს პრობლემა ჩვენ თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან შეიძლება ვერ შევამჩნიოთ, მაგრამ თვითონ მარნეულში ეს პრობლემა აშკარადაა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ხდება ახალგაზრდების მიგრაცია, უმეტესობა მიდის საზღვარგარეთ განათლების მისაღებად, თუმცა არის კარგი ტენდენციებიც, მაგალითად როდესაც სასკოლო ასაკის ბავშვებმა უკვე დაიწყეს სახელმწიფო ენაზე საუბარი.“ - გვითხრა ეკატერინე ფალავანდიშვილმა

ფალავანდიშვილის თქმით, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი რთულდება. ამას გარდა, მოსახლეობა სრულფასოვნად ვერ ერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის ცხოვრებაში, რადგან ენის არცოდნის გამო მათ ხშირად ექმნებათ პრობლემები.

დისკუსია „ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი და არსებული გამოწვევები“ ტარდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები