კვიციანის დისკრიმინაციული განცხადება რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ
პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხის მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა .

აღნიშნული განცხადება კვიციანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის შეხვედრაზე, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გააკეთა.

შეხვედრის მსვლელობისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე შეიხი მირტაგი ასადოვი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ემზარ კვიციანის კანონპროექტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბისა და ბურქას ტარებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია და ამ საკითხის ძირფესვინი მოკვლევაა საჭირო.

„ჩვენ ყოველ წელს მარნეულში იმამ ჰუსეინის გლოვის დღეებს აღვნიშნავთ და ქუჩაში მსვლელობას ვახორციელებთ. ჩვენი დედები, დები, შვილები ამ გლოვის აღსანიშნავად ნიქაბებითა და ბურქებით ივლიან და თქვნე გინდათ რომ საზოგადოებრივ ადგილებში ეს დაჯარიმდეს?“ - ამბობს შეიხი მირტაგი ასადოვი

რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ასადოვმა აზერბაიჯანულ ენაზე ისაუბრა. ემზარ კვიციანმა სწორედ ამიტომ ჰკითხა მას თუ რატომ არ საუბრობდა ქართულ ენაზე და იყო თუ არა ასადოვი საქართველოს მოქალაქე.

„კანონპროეკტის ავტორმა ემზარ კვიციანმა მითხრა, თუ რატომ ვსაუბრობ ჩემს მშობლიურ ენაზე პარლამენტში და რომ უნდა ვისაუბრო ქართულად. ამ განცხადებამ გამოიწვია პროტესტი არასამთოვრობოების წარმომადგენლების და სხვა პარლამენტარების მხრიდან.“ - გვითხრა შეიხმა მირთაგი ასადოვმა

ემზარ კვიციანმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ მან ასადოვს მართლაც ჰკითხა თუ რატომ არ საუბრობდა ის ქართულად და იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე.

„ჩაიხედეთ კონსტიტუციაში, ახალი კონსტიტუცია რომ მივიღეთ. მანდ არის საქართველოს მოქალაქეზე საუბარი. ორმაგ მოქალაქეობაზე რომ მივიღეთ უფლება იქ აუცილებელია ქართული ენის ცოდნა. ამიტმ არანაირი დისკრიმინაცია არაა ეს და საერთოდაც, რატომაა დისკრიმინაცია როდესაც მოვითხოვ, რომ ჩემს ქვეყანაში ქართულ ენაზე საუბრობდეს ყველა.“ - გვითხრა ემზარ კვიციანმა

კვიციანმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება დისკრიმინაციულ ხასიათ არ ატარებდა, ხოლო რაც შეეხება ნიქაბისა და ბურქის საქმეს, ეს კანონპროექტი უკვე აღარ განიხილება და ამიერიდან შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს ყველა სახის თავსაბურავზე, რომელიც სახეს ფარავს.

პარლამენტარისაგან განსხვავებით დისკრიმინაციულად და პრობლემატურად აფასებს კვიციანის განცხადებას EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, რომელიც შეხვედრას თავადვე ესწრებოდა. მიქელაძე ამბობს, რომ კვიციანის განცხადება პრობლემატურია ყველა იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც სახელმწიფო ენა სახელმწიფოს გაუმართავი განათლების სისტემის გამო ვერ შეისწავლეს და თვლის, რომ მას შესაძლოა გამრიყავი ეფექტი ჰქონდეს.

„როდესაც ფორმალურ-პოლიტიკურ სივრცეებში ესეთი გამრიყავი, დამამცირებელი, დისკრიმინაციული გარემო იქმნება, ცხადია ჩვენ შეუძლებელია ვილაპარაკოთ სოციალურ სივრცეებში დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე.“ - ამბობს თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე ასევე ამბობს, რომ ამ ეპიზოდში ყველაზე სამწუხარო იყო როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კვიციანის განცხადებას არ გაემიჯნა, შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა და ამის მაგივრად მან ასადოვს მისცა შენიშვნა და უთხრა, რომ დეპუტატებმა კარგად იცოდნენ საკითხი და მისი კრიტიკა უადგილო იყო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები