შეიხი რამინ იგიდოვი - თუ აკრძალავენ ნიქაბსა და ბურქას, მაშინ ყველანაირი თავსაბურავი, რომელიც სახეს ფარავს, უნდა აიკრძალოს
საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრის, ნიგაბის და ბურქას ტარების შეზღუდვასთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტი დღის წესრიგიდან ამოიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ავრცელებს. მისი თქმით დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიერ არაერთგვაროვნად იქნა მიიღებული.

მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თქმით, ისინი ძირითადად ჰიჯაბის და ჩადრას შეზღუდვას აპროტესტებდნენ იმიტომ, რომ ეს ჩაცმულობები სახეს არ ფარავს. შესაბამისად შეიხისთვის არ იყო გასაგები თუ რატომ მოითხოვა დეპუტატმა უსაფრთხოების მიზნით მათი შეზღუდვა.

„ჩადრა და ჰიჯაბი სასაუბრო არ უნდა გახდეს. მეორე საკითხზე კი მსჯელობა ისე უნდა გაიმართოს, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს, ქალების დისკრიმინაცია არ მოხდეს. სახელმწიფო შეხედულება კი ამ კანონპროექტიში ის იყო, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიზღუდულიყო ნიგაბის ტარება. ამას უსაფრთხოების მიზნით აკეთებენ, უსაფრთხოება ჩვენც გვინდა, მაგრამ ეს ქალების დაფარულად ჩაცმას არ უნდა ეხებოდეს. საკითხი სხვანაირად უნდა დააყენონ - საზოგადოებრივ ადგილებში ქალმა სახე რომ დაფაროს შეიძლება თუ არა? იქაც მხარი დაუჭირეს საკითხის ასე დაყენებას. ისლამური ჩაცმულობის შეზღუდვა უკვე ისლამოფობიას ნიშნავს. თუ უსაფრთხოებაზე მიდის საუბარი, მაშინ ამ საკითხის ისლამური კუთხით განხილვა არ შეიძლება. მაშინ უბრალოდ ქუჩაში მამაკაცმაც რომ იაროს სახე დაფარული, ჩაფხუტით, ან რომელიმე ამდაგვარი ჩაცმულობით, ყველა უნდა შეიზღუდოს.“ - ამბობს რამინ იგიდოვი

იგიდოვის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მხოლოდ ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არამედ მათი რელიგიური რწმენაც ილახება. ასევე ისლამური ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა 2013 წლიდან, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის მესამე მცდელობაა. წინა ორ ჯერზე მსჯელობა წარუმეტებლი იყო.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიგაბის და ჩადრის ტარების შეზღუდვის შესახებ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შესვლის ინიციატივით გამოვიდა. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული სამოსის ტარება პირის დაჯარიმებას გამოიწვევდა და კანონის დამრღვევები პირველ ჯერზე 500, ხოლო მეორე ჯერზე 1500 ლარით დაჯარიმდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დაფარული სახით სიარული საფრანგეთსა და ბელგიაში აკრძალულია, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ელოდება საფრანგეთისა და ბელგიის ხელისუფლებისგან განმარტებას, რატომ მიიღეს დისკრიმინაციული კანონი და აპირებენ თუ არა მის შეცვლას.

რადიო „მარნეული“


Print