16 წლის გარდაცვლილი მოზარდის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
2002 წელს დაბადებული მოზარდი 14 ნოემბერს, სტადიონზე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.  მარნეულის სარაგბო კლუბ „არმაზის“ სპორტსმენების სიაში ირიცხებოდა. მარნეულის ტელევიზიასთან საუბრისას „არმაზის“ მენეჯერმა ზურაბ პინაიშვილმა თქვა, რომ ის სამედიცინო ექსპერტს ესაუბრა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე, ბიჭს ორგანიზმი გამოფიტული ჰქონდა.

„მარტო დატვირთვის ბრალიც არ არის, შეიძლება ნებისმიერ დროს, ფიზკულტურის გაკვეთილზეც მოსვლოდაო, ორგანიზმი ჰქონია დასუსტებული“ - ამბობს პინაიშვილი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები გარდაცვალების მიზეზად ზოგად სისუსტეს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ოჯახს საჭმლის პრობლემა არ ჰქონდა, მამაც მუშაოდა და ოჯახური მეურნეობითაც იყვნენ დაკავებულები. ბიჭმა 9 კლასის ატესტატი აიღო და სკოლიდან გამოვიდა.  მართალია, დედა შვილებთან არ ცხოვრობდა, თუმცა მოზარდის პროფესიულ განათლებაზე ზრუნავდა, რისთვისაც ხელობის შესწავლა გადაწყვიტა და თანხას თავად უხდიდა.

ოჯახი სოციალურ დახმარებასაც იღებს.

რადიო "მარნეული"
Print