პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო: police.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები