მარნეულის ამერიკულ კუთხეს საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრეს ატაშე ესტუმრა
დღეს, 21 სექტემბერს, მარნეულის ამერიკულ კუთხეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშე ჯონ ფერი ესტუმრა. საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრეს ატაშე მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა, მოისმინა მათი საჭიროებები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„მოხარული ვარ, რომ მარნეულში ვარ. ეს უკვე ჩემი მეორე ვიზიტია მარნეულში. ჩვენ გვაქვს 15 ამერიკული კუთხე საქართველოს მასშტაბით, მარნეულის ჩათვლით. მარნეულში არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სივრცე სადაც ჩვენ ვიღებთ სტუდენტებს, ჟურნალისტებს, მკვლევარებს და ყველას საზოგადოებიდან რათა ისწავლონ უფრო მეტი ამერიკის შესახებ, ჰქონდეთ პრაქტიკა ინგლისურ ენაში, გაიგონ მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების შესახებ, შეხვდნენ ჩვენი პროგრამების კურსდამთავრებულებს. მე, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშე, ჩამოვედი აქ რათა უფრო მეტი გავიგო იმ ადამიანების შესახებ ვინც სტუმრობს ბიბლიოთეკას, განსაკუთრებით აზერბაიჯანული თემის წევრებზე. ვთვლი, რომ საქართველოში ეს თემი ძალიან მნიშვნელოვანია ასე, რომ ძალიან კარგი იქნება რომ შევხვდე ადგილობრივებს“. - განაცხადა ჯონ ფერიმ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონებში ამერიკული კუთხის არსებობა მნიშვნელოვანია რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს აშშ-ს კულტურის შესახებ და მიიღოს საჭირო ინფორმაცია აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ.

რადიო „მარნეული“

Print