აივნების ჩამონგრევის შემდეგ მოსახლეობა გაურემონტებელ კორპუსში დაბრუნდა
65 დღეზე მეტია რაც მარნეულიში ნარიმანოვის ქუჩაზე N1 საცხოვრებელი კორპუსის ორი აივანი ჩამოინგრა, რასაც ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. N1 საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი 26 ივნისს ჩამოინგრა, რასაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც მოჰყვა. შემთხვევის შემდგომ მარნეულის მერიამ მოქალაქეები სასტუმროში გადაიყვანა.

აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, კორპუსის მაცხოვრებლები კვლავ თავიანთ ბინებში დაბრუნდნე.

აკიფ ბაირამოვის დედა აივნების ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. იხსენებს, რომ უბედური შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.

„მე სამსახურიდან რომ დავბრუნდი სადღაც რვის ათი წუთი იყო. ტანსაცმელი გავიხადე და შორტი ჩავიცვი. დედაჩემი აქედან გამოვიდა გარეთ აივანზე ტანსაცმელის გასაფენად, მე კი სამზარეულოში ვიყავი, წყლის დალევა მინდოდა და ხმა გავიგე. ზევით მეზობელი იყო ერთი გოგო, თან ერთი ოჯახივით ვიყავით და მისი ხმა გავიგე. თვალი რომ გავახილე დავინახე რომ უკვე გოგო ძირს იყო დავარდნილი დედაჩემი მაშინ საერთოდ არ დამინახავს. ახლაც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიზმარია. მერიიდან სამძიმარზე მოვიდნენ და მას შემდეგ არ მოსულან. ერთხელ მოვიდნენ, აივანი და სახლი შეამოწმეს, რაღაცეები დაწერეს და თქვეს, რომ ერთ თვეში დავიწყებთო გარემონტებას და უკვე ორი თვეა რაც გავიდა, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა“.

აკიფი აცხადებს, რომ კორპუსი სასწრაფოდაა გასარემონტებელი, რადგან აივნების გარდა ცუდ მდგომარეობაშია სარდაფი, კიბეები და სახურავიც.

„თქვეს, რომ ბალკონია ავარიული და არავინ არ გამოვიდეს გარეთო. სანამ არ გარემონტდება არავინ გამოვიდეოს გარეთო. სარდაფი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სახურავიც. სახურავზეც პრობლემები იყო. მეხუთე სართულის მოსახლეობა ამბობდა, რომ წყალი ჩამოსდიოდათ და იმასაც გარემონტება სჭირდება. ახლა პადიეზდიცაა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში ვართ, არ ვიცით რა იქნება. ყოველ დღე ამ კიბეებზე დავდივართ, მაგრამ დანგრეული რომაა ჩვენც გვეშინია“. - აცხადებს აკიფ ბაირამოვი

ნარიმანოვის N1 კორპუსში ცხოვრობს ავა მისაევაც. პენსიონერი ქალი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ აივნების ჩამონგრევის შემდეგ ოჯახები სასტუმროებში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენეკვირიანი ლოდინის შემდგომ ავარიულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნება თავად გადაწყვიტეს.

„დაახლოებით ორი თვე ვიყავით იქ. კარგად გვივლიდნენ, საჭმელსაც გვაძლევდნენ, საჭმელი ისეთი არ იყო როგორიც სახლისაა, მაგრამ მადლობელი ვარ რომ რაც საჭირო იყო მოგვცეს. კარგი ოთახები იყო. ორი თვის შემდეგ ჩვენ ჩვენით, ძლივს, შევედით სახლებში რადგან ყველაფერი აქ გვაქვს. ტანსაცმელი და ნივთები ხომ სასტუმროში არ გვქონდა, ბავშვებიც სკოლაში უნდა მისულიყვნენ და ამიტომ. მერმა თქვა, რომ სექტემბრიდან დაიწყებდნენ. სახურავს გააკეთებდნენ, აივანს გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არავინ არ მოსულა და არ უკითხავს როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ. ყველაზე მთავარია, რომ სახურავი და აივნებია სასწრაფოდ გასაკეთებელი. ზამთარი მოდის, სიცივეები და წვიმები იქნება და შეხედეთ როგორ ცუდ მდგომარეობაშია აივნები. გარეთ დაჯდომის გვეშინია, მაღლიდან ქვები ცვივა“. - ამბობს ავა მასიევა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერიას გადაწყვეტილი აქვს კაპიტალური რემონტი ჩაუტაროს ნარიმანოვის N1 საცხოვრებელ კორპუსს. აცხადებს, რომ დაგეგმილია სარდაფის, კიბის უჯრედების, სახურავის, აივნისა და გარე ფასადის სამუშაოები. დეკანოიძის განმარტებით, სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი უახლოეს დროში გამოცხადდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ როდის დასრულდება ნარიმანოვის N1 კორპუსის რემონტი, მანამდე კი მოსახლეობას კვლავ აივნების გარეშე და კიბის ჩამონგრევის შიშში მოუწევს ცხოვრება.

რადიო „მარნეული“

Print