„არა ფემიციდს“ - პროკურატურამ მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
დღეს, 9 ნოემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისში საქართველოს პროკურატურამ მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემები ფემიციდის, ოჯხაში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თემებს შეეხებოდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რაიონულმა პროკურორმა მურად მნათობიშვილმა განაცხადა, რომ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.

„საქართველოს პროკურატურა რამდენიმე რეგიონში ატარებს აღნიშნულ კამპანიას და ერთ-ერთი არის მარნეულის მუნიციპალიტეტი. მარნეულის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები უკვე რამდენიმე დღეა ვხვდებით მარნეულში მოსახლეობას და როგორც უკვე გითხარით, ამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საქართველოს პროკურატურა ზოგადად უკვე წლებია მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სისხლის სამრთლებრივი პოლიტიკა ტარდება, ქვეყანაში მაინც გვაქვს ფემიციდის შემთხვევები და ამიტომ საზოგადოების აქტიური ჩართულობაა საჭირო, რათა მათ მეტი გაიგონ გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ, მათი უფლებების შესახებ, იმაზე რომ ქალებსა და კაცებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობები და აუცილებელია მათ მივაწოდოთ ინფორმაცია რომ ზოგადად სიჩუმე, რომელსაც საზოგადოება იჩენს ასეთი შემთხვევების დროს, ხშირ შემთხვევაში დანაშაულის თანამონაწილეობად განიხილება“. - განაცხადა მურად მნათობიშვილმა

პროკურატურის საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომლის განცხადებითაც, აღნიშნული სახის შეხვედრები მუნიციპალიტეტში პერმამენტულად უნდა ტარდებოდეს.

რეგიონში არსებული ზოგიერთი ტრადიციიდან და პრობლემიდან გამომდინარე ზოგი ამართლებს ფემიციდს. ფიქრობენ, რომ თუ ქალი არღვევს ტრადიციას, თუ ქალი „სახეგაფუჭებულია“ ამ დროს ჩვენ უნდა მოვკლათ ქალი, მაგრამ ამავდროულად არ ფიქრობენ რომ თუ იგივე ქმედებას აკეთებს კაცი ამ შემთხვევაში რა ხდება, ეს საზოგადოების მხრიდან ჩვეულ ნორმად ითვლება. მუდმივად უნდა იყოს მსგავსი ცნობიერების ამაღლების შეხვედრები არა მარტო პროკურატურის მხირდან, არამდე ადგილობრივი თვითმმართველობაც და მისი წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ამ საკითხებში ჩართული და ისინიც უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით აქტიურად“.

ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა რომელიც ნიშნავს ქალებისა და გოგოების მკვლელობას იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან. საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულის გარდა შეხვედრები ჩაატარა სოფელ კასუმლოსა და შულავერშიც.

საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო კამპანიას „არა ფემიციდს“ აშშ-ს საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭეით ახორციელებს.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google