სატვირთოს მძღოლს, რომელიც ორთაჭალაში მოზარდს დაეჯახა, ბრალი წაუყენეს
სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, რომელიც ორთაჭალაში მოზარდს დაეჯახა, ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს თბილისში, ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“, — აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს კანონით დადგენილ ვადაში. მუხლი, რომლითაც ბრალდება დაკავებულს ედავება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google