წილოსანი აშშ-ის სანქციებზე: „მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“
პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი „ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

წილოსანი სანქციების პასუხად აცხადებს, რომ ეამაყება, რომ ქვეყანას ემსახურება.

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო, ვის და რატომ სჭირდება ქართველი
ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა. მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“
- დაწერა ნინო წილოსანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google