როგორ ეხმაურებიან „ოცნების“ დეპუტატები აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას
რუსული კანონის მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ დეპუტატები აშშ-ის მიერ სავიზო სანქციების დაწესებას ეხმაურებიან.

როგორც ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, სანქციების მიზანი ოპოზიციის გაცოცხლებაა, თავად კი ეამაყება, რომ საკუთარ ქვეყანას „ემსახურება“.

„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა
პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება , ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა..

მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“,
– წერს წილოსანი.


რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ჯერ არ იცის თავად მოჰყვა თუ არა სავიზო სანქციების ქვეშ. თუმცა მისი თქმით, სანქციების დაწესება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერები „აბსოლუტურად სწორად“ მოიქცნენ.

„მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!

P.S. ისა და, ბლინკენს ახლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?“
- წერს ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში.


რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ, „ყველაფერი უფრო გასაგები გახდა“.

„კანონისთვის ხმის მიცემის გამო პარლამენტარის დასანქცირება არ გამოვიდოდა და:
დემოკრატიის უგულებელყოფა;
შეკრების თავისუფლების დარღვევა;
სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა;
დეზინფორმაცია და რიტორიკა.

ეს საფუძვლები მოიშველია მეთიუ მილერმა. რომ ვუსმენდი, მეგონა 2003-2012 წლებზე საუბრობდა… ყველაფერი კიდევ უფრო გასაგები გახდა“,
– წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩაკვეტაძე.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google