პარლამენტის სხდომა 3 საათის დაგვიანებით დაიწყო
დღეს, 11 ივნისს, მესამე მცდელობაზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში საჭიროზე ერთით მეტი, 77 დეპუტატი დარეგისტრირდა და სხდომა დაიწყო.

მანამდე რეგისტრაციის პროცედურა 2-ჯერ გაიმართა, თუმცა კვორუმი ვერ შედგა. ამიტომ, თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. საბოლოოდ სხდომა 12-ის ნაცვლად 3-ზე, 3 საათის დაგვიანებით დაიწყო.

პირველად სარეგისტრაციო ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, მეორედ – 73. ბოლო ტექნიკური შესვენების დროს, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ სინამდვილეში დარბაზში 73-ზე ნაკლები დეპუტატი იყო. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთის ნაცვლად დარეგისტრირდნენ, რათა კვორუმის ილუზია შეექმნათ, თუმცა მაინც ვერ მოახერხეს.

აქუბარდიას ამის თქმა სხდომის გახსნის შემდეგად უნდოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა ამის საშუალება არ მისცა. მისი თქმით, რადგან აქუბარდიამ რეგისტრაცია არ გაიარა, ის მხოლოდ დე ფაქტოდ იმყოფებოდა დარბაზში, თუმცა სიტყვით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების დიდ ნაწილს ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ისინი საპარლამენტო სხდომებს არ ესწრებიან.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას,
რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google