„ნარკოტიკი ირანიდან საზამთროს ყუთებით შემოიტანეს“ — დაკავებულია 10 პირი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.

გამოძიების თანახმად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფმა განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების
გათეთრება; ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რაც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას.

გამოძიების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა.

„ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა“, — აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა.

„ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800 000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები. ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს“, — აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა ბრალდებულების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებები. პროკურატურა აცხადებს, რომ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 10 ივნისს ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება — გამომშრალი მარიხუანა.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google