რკინიგზა არ ამბობს თუ როდის განახლდება სადახლო-თბილისის მატარებლის მოძრაობა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს რკინიგზამ საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა შეაჩერა. სხვა მიმართულებებთან ერთად უკვე მეორე წელია შეჩერებულია თბილისი-სადახლოს მატარებელიც.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, საგარეუბნო მატარებლებში ვერ ხერხდებოდა კოვიდრეგულაციების დაცვა, რის გამოც მათი მოძრაობა შეზღუდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა და პირბადის გამოყენება საჯარო ტრანსპორტში სავალდებულო აღარაა რკინიგზა მაინც არ ჩქარობს საგარეუბნო მიმართულებებზე მატარებლის მოძრაობის აღდგენას.

„პანდემიის შემდეგ კომპანიას არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საგარეუბნო მატარებლების განახლების შესახებ. შესაბამისად, თუ დამატებით რაიმე სიახლე გვექნება ჩვენ ჩვენით გავავრცელებთ ამ ინფორმაციას“. - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში

საქართველოს რკინიგზაში არ განმარტავენ თუ რა მიზეზით არ ანახლებს მოძრაობას სადახლო-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი.

სადახლო - თბილისის მატარებლით, რომელიც დღეში ორ რეისს აკეთებდა, სარგებლობდნენ რკინიგზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები. ბევრი ადამიანისთვის ეს იყო პროდუქტების თბილისში გაყიდვის ერთადერთი შესაძლებლობა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google