რით გათბებიან მარნეულის სკოლები ზამთარში
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად სკოლებში გათბობის სისტემის ჩართვა ხდება საჭირო. მარნეულის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა ცენტრალური გათბობის სისტემით თბება, მაგრამ კვალვ არის დარჩენილი ისეთი სკოლები, რომლებიც გასათბობად ღუმელს იყენებენ.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის რესურსცენტრში განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღუმელით 24 სკოლა თბება. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ალი გახრამანოვის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24-ვე სკოლისათვის შეშის ბრიკეტებს შეიძენს.

„ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სკოლა რომლებსაც ბიუჯეტი არ ჰყოფნის. მსგავსი სკოლებისთვის ჩვენ თანხას ვითხოვთ განათლების სამინისტროსგან ყოველთვიურად დანაკლისის სახით. დავუშვათ დანაკლისი თუ არის სახელფასო ან კომუნალური მიმართულებით ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ თანხას და შესაბამისად აგზავნიან თანხას. რაც შეეხება ბრიკეტებს, განათლების სამინისტროდან იყო გამოგზავნილი ფორმა შესავსებად და ჩვენ ეს ფორმა შევავსეთ სადაც ავღნიშნეთ, რომ სკოლებს არ აქვთ საკმარისი თანხა აღნიშნული მასალის შესაძენად. შესაბამისად, განათლების სამინისტრო თავად მოამარაგებს ამ სკოლებს“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეშის ბრიკეტების შეძენისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სკოლებს, რომლებიც ცენტრალური გათბობის სისტემით თბებიან კომუნალური გადასახადებისათვის თანხა არ ეყოფათ, მათ თანხას განათლების სამინისტრო დანაკლისის სახით დაუმატებს.
შეშის ბრიკეტი
რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა ბრიკეტების მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას რათა გაგვერკვია თუ რა ღირს მასალა, რომლითაც მარნეულის სკოლები გათბებიან. როგორც კომპანიებში განგვიცხადეს, ერთი ტონა ბრიკეტის ღიებულება დაახლოებით 1 200 ლარია.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 50 ცენტრალური გათბობით, ხოლო 24 ღუმელით თბება.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google