მარნეულის საკრებულომ რახმან მუსაევის მანდატის დატოვების განცხადება ცნობის სახით მიიღო
დღეს, 20 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობის სახით მიიღო რახმან მუსაევის განცხადება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. რახმან მუსაევი მარნეულის საკრებულოში პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. მან საკრებულოს მანდატის დატოვების მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ მოსწავლეებისადმი იძულების ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა.

რახმან მუსაევი სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იყო. 2 ოქტომბრს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სადაც ჩანს თუ როგორ დააყენა მცირეწლოვანი მოსწავლეები მუხლებზე საგაკვეთილო პროცესის დროს.

მეოთხეკლასელი მოსწავლეების მუხლებზე დაყენების ფაქტს გამოეხმაურნენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც და განაცხადეს, რომ ისინი სკოლაში მომხდარ შემთხვევას გმობენ.

მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამიისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google