„სოლიდარობის ტურის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებს მარნეული გააცნეს
დღეს, 3 ნოემბერს, მარნეულში „სოლიდარობის ტური“ გაიამართა. „სოლიდარობის ტურის“ მიზანი საქართველოში მცხოვრები სამი თემის, ეთნიკურად აზერბაიჯანელების, ქართველი მუსლიმებისა და ეთნიკურად სომხების დაახლოებასა და ერთმანეთის პრობლემების გაზიარებას მოიცავს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პლატფორმა „სალამის“ ბორდის წევრმა ბანიამინ კასიმოღლიმ განაცხადა, რომ „სოლიდარობის ტურის“ ფარგლებში ბოლო ლოკაცია მარნეულშია, რის შემდეგ პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

„პლატფორმა „სალამი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ეს არის აჭარის ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ და ასევე საქართველოს სომხური თემის ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, ერთობლივად ვატარებთ „სოლიდარობის ტურის“ პროექტს. პროექტის ფარგლებში ეს სამი თემი, ქართველი მუსლიმები, აზერბაიჯანელები და სომხები დავდივართ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში და ბოლოს გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრა. როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრებოდით ჩვენი თემის პრობლემებსა და გამოწვევებზე, ახლა უკვე ისინი პირადად ნახავენ თუ რა გამოწვევების წინაშე ცხოვრობენ ეს თემები. მარნეული შევარჩიეთ რადგან აქ ცხოვრობს სომხური თემიც, აზერბაიჯანული თემიც, ქართული თემიც და ქართველი მუსლიმებიც და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვიარეთ რამდენიმე სოფელი, ესაა ხოჯორნი, წოფი, გულბაღი, ახლა ვართ მამეიში და ჩვენი სტუმრები ადგილზე ნახავენ თუ რა პრობლემა აწუხებთ ამ სოფლის მოსახლეობას“. - განაცხადა ბანიამინ კასიმოღლიმ

„სოლიდარობის ტურის“ ფარგლებში გასვლითი შეხვედრები უკვე ჩატარდა ზუგდიდში, ქუთაისში, მესტიაში, ახალქალაქში, ბათუმში და თელავში. ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ადგილზე მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა მნიშვნელოანია, რათა საქართველოს მოქალაქეებს შორის სოლიდარობა გაიზარდოს.

„მაგალითად დღეს ჩვენ ვნახეთ სოფელი სადაც არის ახალი, თანამედროვე, სკოლა და ვნახეთ ასევე სოფლები სადაც არის პრობლემა სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გვენახა თუ როგორი მშვიდობიანი თანაცხოვრება არის აზერბაიჯანულ და სომხურ თემს შორის. შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი რამის დანახვა, სადაც მე ვცხოვრობ, იმერეთიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია ჩამოხვიდე და ნახო თუ რეალურად რა ხდება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მიხარია და მსგავსი ტიპის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს შენი კუთხის, ქვეყნის კულტურის გაცნობას და საჭიროებების დანახვას ძალიან მნიშნველოვანია თითოეული მოქალაქისათვის“. - გვითხრა მათე ჩაფიჩაძემ

განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაახლოების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი ნესტან ანანიძე და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემები, რომლებიც შესაძლოა აჭარის მოსახლეობას აწუხებდეს, შესაძლოა მარნეულის მოსახლეობის პრობლემების იდენტური იყოს.

„ჩვენ დავდივართ სოფლებში და ვანახულობთ თუ რა მდგომარეობაა, რომელ სოფელში ვინ ცხოვრობს. მაგალითად, წოფში ცხოვრობდნენ ეთნიკურად აზარბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეები რომლებიც ერთად, ერთ სივრცეში ცხოვრობენ, თუმცა იყო სოფელი სადაც ეს თემები გარკვეულ უბნებად არიან განსახლებული. ჩვენ დავდივართ და ვესაუბრებით მათ თუ რა გამოწვევები აქვთ, რა პრობლემები აქვთ, რა დაბრკოლებები აქვთ, რა საჭიროებები აქვთ და ეს არის მნიშვნელოვანი გააზრების პროცესისათვის. იმისათვის რომ მივხვდეთ, რომ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაწუხებს მთიან აჭარაში, ხშირ შემთხვევაში იგივე პრობლემები აქვთ მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ, სომეხ თუ ქართველ მოსახლეობას. ამიტომ ერთიანობის და სოლიდარობის განცდის დამკვიდრება ჩვენს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“. - ამბობს ნესტან ანანიძე

ხვალ, 4 ნოემბერს, „სოლიდარობის ტურის“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება მარნეულში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში და ისაუბრებს ჰოლანდიის გამოცდილებაზე, მრავალფეროვნების პრაქტიკებზე და სოლიდარობის შესახებ.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google