მარნეულში 15 წლის გოგო დანიშნეს - სამირა ბაირამოვა
მარნეულში 15 წლის გოგო, სავარაუდოდ, დანიშნეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ გამოაქვეყნა. სავარაუდო შემთხვევა ქალაქ მარნეულთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც ბაირამოვამ რადიო "მარნეულს“ უთხრა, ინფორმაცია უკვე მიაწოდა შესაბამის უწყებას. აქტივისტის, თქმით, პრობლემის აღმოუფხვრელობის ერთ-ერთი მიზეზი დაუსჯელობაა.

“ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდი არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, არაშესაბამისი რეაგირება არის. ჩვენ ვიცით, რომ არასრულწლოვნების დაცვის კუთხით ბევრი პრობლემები გვაქვს, არ არის შესაბამისი მხარდაჭერა და სერვისი მათთვის. გამოძიების პროცესი, რომელიც ნელა მიდის და აქ კიდევ მეორე ფაქტორი ის არის, რომ ცდილობენ დაიმალოს კონკრეტული შემთხვევები, რაც გამოძიების პროცესს უშლის ხელს. ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით ვინმე ისჯება თუ არა. კი, იწყება გამოძიება, მედია ინტერესდება აშუქებს, მაგრამ ამით ერთ ორ დღეში დამთავრდება და სამწუხაროდ, ასე სრულდება. ახლანდელ შემთხვევაზე მე მივაწოდე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს. ისინი ამ თემებზე ძალიან აქტიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე იქნება რეაგირება“

15 წლის გოგოს სავარაუდო ნიშნობის ფაქტს ეხმაურება ადგილობრივი გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა ბოლო პერიოდში, როდესაც ინფორმაციას იღებს გაუხმაურებელი ნიშნობების შესახებ. პრობლემის მოუგვარებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ოჯახის წევრების მხრიდან არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

„ცენტრში, ზემოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალიან სენსიტიური ხალხი მუშაობს და გული შესტკივათ, მაგრამ ადგილზე, არ გვაქვს ასეთი მგრძნობიარე ადამიანები. პოლიციელებს ვგულისხმობ და სხვა სფეროს, მასწავლებლები, დირექტორები, სოციალური მუშაკები თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილზე არ გვყავს მომზადებული ადამიანები. ყველა ჩუმადაა, შევშფოთდებით და მეტი არაფერი. ახლახანაც იყო შემთხვევა 15 წლის გოგოზე, რომელსაც დედა ათხოვებდა. მე გავიგე კლასელისგან, ამ გოგოს არ უნდა გათხოვებაო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩავაყენეთ საქმის კურსში და ისე მოხდა, რომ ამ გოგომ ბოლომდე ვერ გაბედა მშობლის წინააღმდეგ წასვლა. გოგომ პოლიციელებს უთხრა, რომ არ ვთხოვდები შეყვარებულები ვართ, ჩემი დაბადების დღეა და ა.შ. მეორე დღეს, მგონი, იმ გოგოს ჰქონდა ნიშნობა, რომელსაც დაარქვეს დაბადების დღე თუ წვეულება და პოლიციამ ვერ დაუმტკიცა.   ადგილობრივად უნდა გავძლიერდეთ. სხვაგან საერთოდ არ ადარდებთ მარნეულში ვინ გათხოვდება 15 წლის ასაკში. ნუ ველოდებით რომ ამას მოჰყვება რეზონანსი თუ ჩვენ ადგილობრივებმა არ ვთქვით, რომ ეს არის მიუღებელი. მარნეულის და ქვემო ქართლის მიღმა, აღარ ადარდებთ ეს საკითხი, სტატისტიკას ჩაიწერენ, ანგარიშებში ჩაიწერება და ა.შ ჩვენ კიდევ ვხედავთ, როგორ ართმევენ ჩვენს გვერდით გოგოებს სწავლის უფლებას და როგორ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას“

სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა. რადიო „მარნეული“ საკითხის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გარეკანის ფოტო აღებულია სამირა ბაირამოვას "ფეისბუქიდან"
Print E-mail
FaceBook Twitter Google