ტილოზე გადატანილი ფერადი სამყარო - თვითნასწავლი მხატვარი მარნეულიდან
„როცა ძალიან დაღლილი ვარ, მაშინ ვხატავ“ - მარნეულელი ხაიალა მუსტაფაევასთვის ხატვა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.




თვითნასწავლმა მხატვარმა შემოქმედებითი უნარები საკუთარ თავში ბავშვობის ასაკში აღმოაჩინა. საქმეს სერიოზულად ორი წლის წინ, პანდემიის პერიოდში, ნაჩუქარი საღებავებით, კოსმეტიკის ფუნჯებით შეუდგა და ხატვა ტილოზე დაიწყო. ხაიალა მუსტაფაევა ქალაქ მარნეულის N8 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგად მუშაობს. საყვარელ ჰობს კი პროფესიაში აქტიურად იყენებს.



„ვიდრე ტილოზე დავიწყბდი ხატვას, თაბახზე ვმუშაობდი ბავშვობიდანვე. ტილოზე დაახლოებით 50 ნახატი მაქვს უკვე შესრულებული. ხან ზეთით, ხან აკრილით, ან კიდევ აკვარელით ვხატავ. ორი წლის წინ აზერბაიჯანის საელჩომ გააკეთა ნახატების გამოფენა(კონკურსი) იქ დიპლომი მივიღე, ზეთი მაჩუქეს დასახატად და პირველი ნახატი მაგის მერე შევასრულე ტილოზე. პანდემიის დროს, თბილისში ვერ მივდიოდი, კოსმეტიკის ფუნჯებს ვიღებდი და სულ ვხატავდი“

ხელოვანის ნახატებში ბევრ ბროწეულს ნახავთ. როგორც თვითონ ამბობს, მისი დახატვა ყველაზე მეტად უყვარს.



ხაიალა მუსტაფაევამ პირველი პერსონალური გამოფენა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში რამდენიმიმე თვის წინ წინ მოაწყო, სადაც პირველად მიეცა ნახატების გაყიდვის შესაძლებლობაც.

ფოტო: ხაიალა მუსტაფაევა

„როცა ბროწეულს ვხატავ, მამშვიდებს. ფერადი რაღაცეები მომწონს. რამდენიმე თვის წინ, ჩემს გამოფენაზე მოვიდნენ ჩემი მოსწავლეები და იმხელა მოტივაცია აქვთ, სულ ამბობენ მას ჩვენც გვინდა მხატვარი გამოვიდეთო. ისე გულით მუშაობენ სკოლაში, რომ არ ვიცი. ძალიან მინდა, საკუთარი სამხატვრო სივრცე მქონდეს, უფრო ფართოდ ვიმუშაო ბავშვებთან „

თვითნასწავლი მხატვარის სამომავლო გეგმები ადგილობრივ დონეზე სამხატვრო აკადემიის შექნას და მარნეულში პერსონალური გამოფენის გაკეთებას უკავშირდება.


Print E-mail
FaceBook Twitter Google