მარნეულის სამოქალაქო სექტორი, მედია და რელიგიური ორგანიზაციები პრეზიდენტს მიმართავენ
ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის რელიგიური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია და აქტივისტები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე მიზანმიმართული თავდასხმები ხორციელდება. ხელისუფლება კი კრიტიკული მედიის მიმართ შეუწყნარებლობას იჩენს და უსაფუძვლო მიზეზების გამო ცდილობს საზოგადოების წინაშე უნდობლობა შეუქმნას მათ საქმიანობას.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რეგიონული მედიის, საზოგადოების და რელიგიის წარმომადგენლები მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად. როგორც რეგიონში მოქმედი მედია და სამოქალაქო სექტორი, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ დღეს თავისუფალი მედიის, კრიტიკული პირების და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო“. - აღნიშნულია პეტიციაში

გთავაზობთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის რელიგიური და სამოქალაქო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის და აქივისტების მიმართვას უცვლელად:

სამწუხაროდ, ბოლო დღეებში თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე მიზანმიმართული თავდასხმები ხორციელდება. ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ შეუწყნარებლობას იჩენს და უსაფუძვლო მიზეზების გამო ცდილობს საზოგადოების წინაშე უნდობლობა შეუქმნას მათ საქმიანობას. ამჟამად მთავარი სამიზნე არის მთავარი არხი, ამასთან ერთად სხვა მედიის წარმომადგენლების წინაარმდეგაც მიმდინარეობდა დამიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანიები. ამის ნათელი მაგალითია 5-6 ივლისის მოვლენები, ოპერატორი იმ დღეს მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო იმ დღეს დაშავებული მედიის წარმომადგენლებმა კანონის წინაშე ჯერ კიდევ სამართლიანობა ვერ მოიპოვეს.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საქართველოს სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელი მედია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიიას პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებისთვის ცხადია, რომ მის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს და ამასთან დაკავშირებით, ნიკას დაკავება ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და ცალკეულმა ინსტიტუტებმა თავისუფალი მედიის ჩარევად და შეზღუდვად შეაფასეს. დიპლომატიური კორპუსი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ევროპის მომავალს რისკის ქვეშ დაყენებას და აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლების შეზღუდვა ასუსტებს დემოკრატიას.
თავისუფალი მედიის როლი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გამჭვირვალობის გაზრდაში უდაოა, ამიტომ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდა უნდა შეწყდეს. ამავდროულად, ბოლო წლებში დამოუკიდებელი მედიის არსებობამ საფუძველი ჩაუყარა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს საქართველოში და მათ მჭიდრო ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. რეგიონის პრობლემების ცენტრალურ მედიაში გაშუქებამ რეგიონში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია.
ამავდროულად, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარი ქვეყანა, ნიკა გვარამიას დაკავება და მით უფრო გაუმართლებელი მიზეზების გამო დაკავება არის ერთ-ერთი მოტივი, რომელიც მთლიანად აფერხებს ამ პროცესს, 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მთავარი მიზანი არის თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამჟამად 12 მუხლთან მიმართებაში ვერ ვხედავთ რაიმე პოზიტიურ ცვლილებებს და ნაბიჯებს, ეს უფრო ზედაპირულ პროცესს ჰგავს და შესაბამისად ნიკას დღევანდელ ვითარებაში ვერ გაამართლებს.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რეგიონული მედიის, საზოგადოების და რელიგიის წარმომადგენლები მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად. როგორც რეგიონში მოქმედი მედია და სამოქალაქო სექტორი, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ დღეს თავისუფალი მედიის, კრიტიკული პირების და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო.


Print E-mail
FaceBook Twitter Google