როდის გაიხნება მარნეულის N1 საბავშვო ბაღი
მარნეულის N1 საბავშვო ბაღის გახსნის თარიღი სააღმზრდელო დაწესებულებაში ავეჯის შეტანაზეა დამოკიდებული. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე N1 საბავშვო ბაღში ყველა სახის ინვენტარია შეტანილი, გარდა ავეჯისა.

„N1 ბაღის თითქმის ყველა ინვენტარი მოიტანეს, მარტო დარჩენილია ავეჯი. დღეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში მითხრეს, რომ ავეჯსაც მაქსიმუმ ერთ კვირაში მოიტანენ. გამოცხადებული იყო ტენდერები და საოჯახო ტექნიკა, სათამაშოები და სხვა ნივთებიც შეძენილი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ ბაღის გასახსნელად, უბრალოდ ავეჯია საჭირო. ავეჯი რომ გვექნება მაქსიმუმ 10 დღეში გავხსნით სააღმზრდელო დაწესებულებას“.

ზაურ ქარამოვის განმარტებით, N1 საბავშვო ბაღი 2022 წლის დეკემბრამდე გაიხსნება. რაც შეეხება სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღს, გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, ტენდერის პირველმა პრეტენდენტმა ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიენიჭა, ამ ეტაპზე კი ახალ კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება ფორმდება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია. მათგან სასწავლო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორშია შეჩერებული.

რადიო "მარნეული"
Print E-mail
FaceBook Twitter Google